ჩარლი ჩაპლინის წერილი მის ქალიშვილს – ჯერალდინას

charlie-chaplin2

ჩემო გოგონა! ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან, მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთას შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, აქ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლო,შენ კი სად ხარ? შორს. ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგადვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარ მდუმარებაში, თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ამ ლამაზ სპექტაკლში, ხანდახან, დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავ მზეთუნახავი და იცეკვე! იყავ მზეთუნახავი და იკაშკაშე! მაგრამ, თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგახვიოს, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
იცი კი რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწიას ზღაპრებს გიყვებოდი!ხან მძინარე მზეთუნახავის, ხან ბოროტი გველეშაპის, ხოლო, როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: “დამშორდი! ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს ჯერალდინა, ვხედავდი შენს მომავალს. შენს დღევანდელ დღეს! სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას, მესმოდა, როგორ ლაპარაკობენ ხალხში: “ხედავ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”
ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია, იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი. შენ პრინცესას სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი, დროდადრო, ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით, მაგრამ, ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება, იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა!იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი,მე არ მეძინა. დავყურებდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლ, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე, ჯერალდინა………….
იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბნია…………..ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი ხალხისა, ლონდონის ღატაკთა კვარტალში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი… მოწყალებას აგროვებდა! აი ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა!ე კიდევ რაა. მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო, მაგრამ, მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ. ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ! შენ ჩემი გვარისა ხარ-ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნის მანძილზე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა, მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია. ჯერალდინა, სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, მარტო ცეკვისა და მუსიკის საუფლო როდია!
ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკიტხო. შეიძლება, ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფული არა აქვთ, რომ თავიანთი მომავალი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასე, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადე. დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით, ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც თავს უთხარი: “მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!”
დიახ,შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ჩემო გოგონა! ხელოვნება,სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, რომ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბანს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ-ამ უბანს, იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს-შენსავე მსგავთ, შენზე უფრო ლამაზებსაც კი, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს, შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვეღარსად ნახავ!მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა, ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეტ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახი არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლესთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვარისათვის დაეცინა.
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ …. მე არ მინდა,ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს. ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-ტქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ეს ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება, საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი, ამ დემონის მაცდური ძალა.
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს. მაგრამ, აი, რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონა…. ადამიანს ძირს, მყარ ნიადაგზე უპრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება, ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს, ამ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ. გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს. ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვს. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა. ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული.
სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი…. სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს, ხელოვნების სახელით შეიძლება სცენაზე შიშველიც გამოხვიდე , მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა და შემოსილი უნდა დაბრუნდე.
მე ბებერი ვარ და შეიძლება ჩემი სიტყვები სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, მე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე, მოძველებული გამოჩნდება…. ჯერალდინა, მე მინდა, რომ შენ ამ შიშველთა უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.
მე ვიცი, მამებსა და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე, არ მიყვარს მორჩილი შვილები და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობადღე სასწაულების ღამეა. მინდა, რომ მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან, თეთრი სასცენო კაბის მაგიერ, შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე-იქ მე დამინახავ, შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც…

გკოცნი, ჯერალდინა. შენი ჩარლი დეკემბერი, 1965წელი

                                 ნია ჭუმბურიძე

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in ზოგადი, ისტორია, Favourite movies ♥. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s